ყველას და არავის vol1 (აგრესიული)
აგრესიული და დაბოღმილი პოსტები ყოველთვის უფრო კარგად გამოსდის ხალხს ვიდრე სახალისო და პოზიტიური. ერთხელ მთელი რიგი დეპრესიული პოსტების შემდეგ ერთი პოზიტიური პოსტი დავწერე, მაგრამ მაინც არ გამოვიდა ისეთი როგორიც მე მსურდა.
სხვისი გაკრიტიკება და ლანძღვა-გინება ძალიან ადვილია. გუშინ ვაპირებდი გამომექვეყნებინა პოსტი სახელწოდებით “(არა)ნიჭიერი ერი”, ყველასათვის ცნობილი გადაცემის გაკრიტიკებით. დავწერე დღისით, შევინახე დრაფტებში, მაგრამ საღამოს გამოქვეყნება გადავიფიქრე.
რატომ გვიყვარს ყველას გაკრიტიკება? ყურადღებას რატომ ვამახვილებთ ცუდზე ვიდრე კარგზე? ნუთუ კარგი თვალშისაცემი არაა? ნუთუ კარგი დასაფასებელი არაა?
ჩემ ბლოგზე უფრო ნეგატიურ პოსტებს იხილავთ: რას ვერ ვიტან, რითი ვარ უკმაყოფილო, ზოგადად ყველას ვლანზღავ (ნუ ცუდი სიტყვებით არა), დეპრესიას….. და ზოგადსასიხარულო პოსტები ძალიან ცოტაა, ისიც პირადულია…
მაგრამ საქმე იცით რაშია? კრიტიკული, სალანზღავი და დეპრესიული პოსტები უფრო კითხვადია. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანს უხარია სხვისი უბედურება, ან სხვისი ცუდი უფრო აინტერესებს ვიდრე კარგი…
სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პოსტი ნაკლებად პოპულარული იყოს, მაგრამ მე მაინც ვცდი და იქნებ კანონზომიერებაც დავარღვიო.